ელენე დარიანი - რეალური ქალი, პაოლოს ნიღაბი თუ რაღაც სხვა?
სიცოცხლეშივე ლეგენდებით იყო მოცული მისი ცხოვრება. პაოლო იაშვილი XX საუკუნის ოციანი წლების ქუთაისში ექსცენტრულობითა და არაორდინალურობით გამორჩეული პიროვნება იყო. ის იყო კაცი, რომელშიდაც ერთდროულად თანაარსებობდა: გარდასახვის საოცარი ხელოვნება, ოსტატური იმპროვიზირება და უსაზღვრო ნიჭი. ეს ყველაფერი კი ვერ თავსდებოდა „პროკრუსტეს სარეცელზე“, რომელსაც სისხლიანი რეჟიმი ერქვა. მთელი ცხოვრება დევნიდნენ, ფრთებს აკვეცდნენ ნელ-ნელა მიჰყავდათ სასჯელის უმაღლესი ზომისაკენ.
სისხლიან ოცდაჩვიდმეტში, ზუსტად იმ დროს, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი საბოლოო გაწირვის განაჩენი გამოჰქონდათ, „პირში ჩადებული ლულიდან გამოტყორცნილმა ტყვიამ თავის ქალა ახადა პოეტს, სისხლითა და დათხეული ტვინით შეიღება თეთრი კედლები...“ მერე იყო მტანჯველი ჩვიდმეტწლიანი დუმილი და ბოლოს, რეაბილიტაცია - „უკან მიდევნებული ლამპარი“.
დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ პაოლო იაშვილის ცხოვრების დეტალები მეტ-ნაკლებად ცნობილია ფართო მასებისათვის, მაგრამ, რატომღაც, ისევ ლეგენდებისა და სინამდვილის მიჯნაზე მერყეობს პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ურთიერთმიმართების საკითხი.
მაინც, ვინ იყო ელენე დარიანი? მართლა პაოლოს ნიღაბი, „ვაკუუმის ამოვსების ცდა“ („ცისფერყანწელებს“ ჯგუფში ქალი არ ჰყავდათ და დარიანის არსებობით ეს პრობლემა იხსნებოდა), რეალური ქალი, რომელსაც გრძნობები ლექსებად ეღვრებოდა ფურცლებზე თუ რაღაც კიდევ უფრო სხვა, იდუმალი რამ?
***
ელენე დარიანის სახელი ქუთაისის პრესის ფურცლებზე 1915 წელს გაიჟღერებს, თითქოს გალაკტიონის პოეზიის საღამოს სხვებთან ერთად დაესწრება პოეტი ქალი - ელენე დარიანი. შემდგომ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოდის „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერი, სადაც თანამშრომელთა შორის მოიხსენება ელენე დარიანიც. რედაქცია შენიშვნაში მიუთითებს, რომ დარიანი პაოლოს ფსევდონიმია, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვი მისი პიროვნების შესაძლო არსებობის შესახებ.
დარიანის „პოეტური დღიურები“ 1915-24 წლებშია დაწერილი. იგი 14 ლექსისაგან შედგება და მას შემთხვევით არ უნდა ერქვას „დღიურები“. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თითოეული ლექსი დღიურის (ჭეშმარიტი გაგებით) თითოეული ფურცელია, რომელშიდაც შეყვარებული ქალი თავისი სულის ტკივილისა თუ სიხარულის შესახებ მოგვითხრობს. ლექსებში იგრძნობა ქალური ფსიქიკის არამხოლოდ ზედმიწევნით ცოდნა, არამედ მისი დიდი ოსტატობით გამჟღავნებაც, ქალის სულის თვით ყველაზე ფაქიზი ნიუანსების წვდომა.
მართალია, პაოლოს ზებუნებრივი ნიჭისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, თვით ქალის ფსიქიკის ნიუანსების წვდომაც, მაგრამ... ადვილი შესაძლებელია, სულ სხვა მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე. ათეული წლების განმავლობაში ეჭვს გარეშე იყო, რომ პაოლომ დარიანის დღიურებით მართლაც შეძლო სხვად გარდასახვა და რომ სინამდვილეში ელენე დარიანი სხვაგვარად ამეტყველებული პაოლო იაშვილი იყო.
მკვლევარები ერთგვარ პარალელსაც ავლებდნენ ფრანგულ სინამდვილესთან და მიუთითებდნენ, რომ პაოლო იაშვილი ისევე იყო ელენე დარიანი, როგორც კლარა გაზიული - პროსპერ მერიმე.
სინამდვილეში კლარა გაზიული მართლაც იყო გადაცმული მერიმე, რომელმაც შეხედულებები და აზრები ჩამოაყალიბა პიესების კრებულში - „კლარა გაზიულის თეატრი“, დამაჯერებლობისთვის ფანტაზიის ნაყოფ ესპანელ კლარას ბიოგრაფიაც შეუთხზა და პორტრეტიც.
ეს ხერხი იყო მერიმეს მიერ მოგონებული, რომლის საშუალებითაც მან ანტიმონარქიული და ანტიკლერიკალური აზრები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ისე, რომ მის პიროვნებას საფრთხე არ შექმნია. ამას ვერ ვიტყვით პაოლოზე, რადგან მას არ შეუთხზავს ელენეს პიროვნება და არც რაიმე ქვეტექსტები ჩაუდვია მის ნაწარმოებებში.
პოეტი ქალი ელენე რომ რეალურად არსებობდა 20-იანი წლების ქუთაისის სინამდვილეში, ეს უკვე გამოცანას არ წარმოადგენს, იგი ლექსებსაც წერდა, ამას პაოლო იაშვილიც ადასტურებს: „არსებობს პოეტი ქალი, რომელიც ლექსებს წერს, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს, მან ლექსების გამოტანა მე დამავალაო.“
ეს იდუმალებით მოცული პოეტი ქალი ყოფილა ელენე ბაქრაძე, რომელიც სიყმაწვილეში თავდავიწყებით ყვარებია პაოლოს, მას ეძღვნება სონეტი „ელლი“, რომელსაც სახელის და გვარის ნაცვლად ფსევდონიმი აქვს მიწერილი
„...ე.ი...“ (სავარაუდოდ, ელენე დარიანი) ელენეს რომ ელლის ეძახდა პაოლო, ეს წერილებიდანაც ჩანს: „ელლ! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოთქვამს.“
ცნობილია ისიც, რომ პაოლოს სიყვარული არათუ უპასუხო არ იყო, არამედ ელენეც თავდავიწყებით ეტრფოდა მას.
მიუხედავად ორმხრივი მგზნებარე სიყვარულისა, მათი დაქორწინება, რატომღაც, არ მომხდარა, ელენე მშობლებს გოგი ბერიშვილზე გაუთხოვებიათ. ამის შემდეგ პრესაში მისი ლექსები ელენე ბერიშვილის სახელით იბეჭდება. ბერიშვილთან თანაცხოვრების პერიოდში ელენეს პაოლოსთან იდუმალი მეგობრობა არ შეუწყვეტია. გოგი ბერიშვილს დიდ ხანს არ უცოცხლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიშვილის მეუღლეობის პერიოდშია შექმნილი ცეცხლოვანი დარიანული ლექსები.
მართალია, ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელია გათხოვილი ქალისა და დაოჯახებული მამაკაცის იდუმალი მეგობრობა, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი ყმაწვილობაში თავდავიწყებით ეტრფოდნენ ერთმანეთს, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვილი ელენე ამას არ დაგიდევდათ, მას უყვარდა პაოლო და მზად იყო, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.
მალე ელენე ბაქრაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე იყო შალვა ქართველიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. შალვაზე გათხოვების შემდეგ ელენეს პაოლოსთან მეგობრობა, როგორც ჩანს, არ გაგრძელებულა და არც „ცეცხლოვანი დარიანულები“ შექმნილა, თუმცა დროდადრო ლექსები კვლავ იქმნებოდა...
რაც შეეხება „დღიურის“ უშუალო წარმომავლობას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ლექსებად აკინძული სიყვარული, ვნება და არშემდგარი ქორწინებით გამოწვეული ტკივილი, რაც შეულამაზებლად იღვრებოდა ელენეს გულიდან წერილების, დღიურების და პლასტიკას მოკლებული ლექსების სახით... ლექსების მეორედ დაბადება ხდებოდა მას შემდეგ, რაც მათ პაოლოს ჯადოსნური ხელი შეეხებოდა.
ასე იღებდა საბოლოო სახეს „დარიანის დღიურის ფურცლები“. ყოველივე ამის შემდეგ „დღიურების“ ავტორობას ვერ დავაბრალებთ ვერც მარტო პაოლოს და ვერც - ელენეს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თვით „დარიანიც“ (იგულისხმება ფსევდონიმი) არ ეკუთვნის მარტო ერთს და ისიც თანაზიარია. ელენე ბაქრაძის დღიურებიდან ირკვევა, რომ მას სატრფოსთვის, ანუ პაოლოსთვის, მეტისმეტი სილამაზის გამო, ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის, დორიანის სახელი უწოდებია. პაოლოს არ მოსწონებია ელენეს მიერ დარქმეული სახელი და უთქვამს, შენ თვითონ ხარ დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. როგორც ჩანს, პაოლო დაფიქრდა და ინგლისურ გვარში ქართული ელემენტები იპოვა. ამის შემდეგ უწოდა მან საყვარელ ქალს დარიანი, ალბათ, მზიანის, სხივიანის ასოციაციით. ასე თამაშ-თამაშით შექმნილა ფსევდონიმი, რომელიც შემდგომში იდუმალებით შეიმოსა და საფუძვლიანი კვლევა-ძიების ობიექტი გახდა.
და მაინც, ვინ არის დარიანი? შეიძლება ითქვას, რომ არც ვინ.
არც ვინ იმიტომ, რომ იგი კონკრეტული პიროვნება არაა, იგი დაუჯერებელი ერთობაა ორი გულისა, სულთა სინთეზი და უტყვ ფურცლებზე გაცხადებული სიყვარულია პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძისა.
არაერთგზის აღნიშნავენ, რომ ლექსები (იგულისხმება „დარიანული ციკლი“) მათი საიდუმლო თავშესაფარი იყო, სადაც ისინი ერთნი იყვნენ. ბუნებრივია, წერდნენ ერთად და... იქმნებოდა მითი „რაღაც სხვის“ არსებობის შესახებ.
ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან
ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან
ლიტერატურის მუზეუმში 27 ივნისს გამოფენა „ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან“ გაიხსნა. გამოფენილი მასალები პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიის გამოაშკარავებასთან ერთად ცხადყოფს, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა მარტო პაულო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეც არის.
დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის წიგნის კრებულში გამოქვეყნდა. საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. ცნობილია ისიც, რომ ქალაქ ქუთაისში ამ ლექსების წაკითხვის დროს მაყურებელმა
დარბაზი დატოვა.
გასული საუკუნის მიწურულს ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე არის.
დაახლოებით ამ პერიოდში გაზეთ „კალმასობაში“
დაიბეჭდა პუბლიკაციები, რომლებიც პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიებს ააშკარავებენ. გარდა ამისა, ამ მასალით დასტურდება, რომ დარიანული ციკლის ლექსები არ ეკუთვნის მხოლოდ პაოლოს და მისი დიდი ნაწილი ელენეს შექმნილია.
როგორც გაზეთ „კალმასობის“ რედაქტორი შარლოტა კვანტალიანი ამბობს, კულუარებში ყოველთვის იცოდნენ ამ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ამის გამოაშკარავება
არავის სურდა და ელენესაც არავინ სცნობდა, განსაკუთრებით წინააღმდეგი პაოლოს ოჯახის წევრები იყვნენ.
„გიორგი ჯავახიშვილმა მომიტანა „კალმასობაში“ ის მასალა, რომელიც არქივში უნახავს. ეს იყო ლექსები, სურათები, პირადი წერილები. 1997 წელი იყო, ბეჭვდა დავიწყე. ეს იყო, დაახლოებით 20-მდე პუბლიკაცია, რომლებიც სიყვარულის ისტორიების თავგადასავლებს თვითონვე ჰყვებოდნენ.“
პირად წერილებში ელენე იგონებს, რომ პაოლოს პირველად დორიანი შეარქვა. თუმცა პაოლოს ეს სახელი არ მოეწონა, ამიტომ ერთობლივი შეთანხმებით გაჩნდა ახალი სახელი „დარიანი“.შემდგომში ისინი ერთმანეთს ამ ფსევდონიმით მიმართავდნენ და სახელიც შესაბამისად საერთო იყო. სწორედ ამიტომ არის რთული გასარჩევი, რომელი ლექსის ავტორია ელენე და რომლის -პაოლო. შარლოტა კვანტალიანის თქმით, შეიძლება ფსევდონიმი იყო გამოსავალი, რომ პაოლოს ელენე, როგორც ქალი, დაეცვა საზოგადოების ქილიკისგან. ის იმასაც არ გამორიცხავს, რომ პაოლო ელენეს ლექსებს რედაქტირებას უწევდა, როგორც პროფესიონალი და მათ ჩვენამდე სწორედ ამ სახით მოაღწიეს.
ელენე ბაქრაძე მიღებული და აღიარებული იყო ცისფერყანწელთა წრეში, თუმცა მათი წევრების ცოლებს არ უყვარდათ და უარყოფდნენ მის არსებობას, რადგან „ქართველი
კოკო შანელი, შარვლით
და სიგარეტით ხელში,
არ ჯდებოდა იმდროინდელი
საზოგადოების
ცხოვრების
წესების
ნორმებში
და ამგვარი ფორმით
გამოჩენა
სირცხვილი
იყო,“ - ამბობს შარლოტა კვანტალიანი.
ელენე ბაქრაძის მისამართი გალაქტიონს თავის ბლოკნოტში აქვს მითითებული. ეს გამოფენაზეც
არის წარმოდგენილი. ლიტერატურის მუზუმის ხელმძღვანელის ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს არის საუკეთესო საბუთი იმისა, რომ ელენე მართლაც არსებობდა.
„არსებობენ ლიტერატურმცოდნეები, რომლებმაც ვერ გადაუხვიეს ერთხელ დადგენილ გზას. ჩვენ ამ გამოფენით ლიტერატურული არქეოლოგია გამოგვაქვს, რომლითაც ვტოვებთ საფიქრალს. საინტერესოა, როგორ მიიღებს ამას კონვენციური და კონსერვატიული
საზოგადოება. ჩვენ ყოველგვარი კომენტარისგან თავი შევიკავეთ, ვტოვებთ საფიქრალს და საბაბს სერიოზული დისკუსიებისა.“ - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევრმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასდროს უსაბრია იმაზე, ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცრებას. დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: ერთნი დაჟინებით ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში. ხშირად საუბრობენ ასევე პაოლო იაშვილის არაჩვეულებრივი გარდასახვის ნიჭზე და უარყოფენ იმ საკამათო მოსაზრებასაც თითქოს ელენე ბაქრაძის ლექსებს პაოლო იაშვილი უკეთებდა რედაქტირებას და მერე ისე აქვეყნებდა.
„პაოლოსა და ელენეს განცალკავება არ არის საჭირო, ისინი ერთადაც გააგრძელებენ ცხოვრებას ლიტერატურულ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ელენე პაოლოს უკან, როგორც საინტერესო ქალი და საინტერესო პოეტი,“ - ამბობს შორენა კვანტალიანი.
* * *
ელენეს სახელს ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ლექსების ავტორობა უკავშირდება. სავარაუდოდ, რომ არა გენდერული ნიშნით მისი დისკრიმინაცია, იგი შეიძლებოდა გამხდარიყო ქალური ეროტიკული პოეზიის ფუძემდებელი საქართველოში.
ელენე ბაქრაძე, რომელიც თავისთავად იყო პოპულარული და პატივსაცემი პიროვნება XX საუკუნის დასაწყისის ქართულ საზოგადოებაში, ყოველთვის მოიაზრებოდა დარიანული ციკლის ლექსების სავარაუდო ავტორად. როგორც მკითხველთა, ასევე მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ ლექსების ავტორი ელენე ბაქარაძე (ქართველიშვილი – ბერიშვილია).
დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა ქუთაისში წაიკითხა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. იმდროინდელი პრესა იუწყება, რომ მსმენელის ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა და შერაცხმყოფელი ეპითეტებიც არ დაიშურა. პირველი ლექსების გამოჩენას, საზოგადოების დიდი ნაწილი, უარყოფითად შეხვდა. პაოლო კითხულობდა ელენე დარიანის ლექსებს, მაგრამ არასდროს დაუზუსტებია, თუ ვინ იდგა ამ ფსევდონიმის უკან.
XX
საუკუნის დასაწყისის საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ქალი ეროტიკული ბუნებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, ავტორის გასაიდუმლოებისა. 1925 წლამდე ამ ლექსების ავტორის ვინაობა მხოლოდ ეჭვების დონეზე იყო. 1924 წელს დარიანული ციკლის ბოლო ლექსი დაიბეჭდა ჟურნალ ,,მეოცნებე ნიამორებში“. პარალელურად ქვეყნდება ელენე ბაქრაძის ლექსები, პუბლიცისტური წერილები და თარგმანები.
1937
წელს პაოლო იაშვილი ისე გარდაიცვალა, არსად უთქვამს, ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. არაფერი შეცვლილა 1959 წლამდე, როცა შალვა დემეტრაძემ გამოსცა პაოლო იაშვილის ლექსების პირველი კრებული, სადაც შევიდა დარიანული ციკლის ლექსები – პაოლო იაშვილის ხელმოწერით. ელენე ბაქრაძის პირადი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას მიუმართავს შალვა დემეტრაძისთვის და უთხოვია საავტორო უფლებების დაცვა, მაგრამ, იმ პერიოდში, ეს ვერ მოხერხდა, რადგან გასათვალისწინებელია იმ დროის ქართული საზოგადოების ზნეობრივ – იდეოლოგიური პოზიცია. ეს ის პერიოდია, როცა ლავრენტი ბერიასა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ, იწყება 1937 წლის სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა რეაბილიტიაცია. მათ შორის იყო პაოლო იაშვილი და ქართული საზოგადოება, რომელიც მგრძნობიარე იყო ნაციონალურ საკითხებზე. შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ ეს პერიოდი არახელსაყრელი აღმოჩნდა ელენე ბაქრაძის, როგორც ეროტიკული ბუნების ლექსების ავტორის, რეაბილიტაციის დასაწყებად.
ამის შემდეგ, ელენე ბაქრაძე არის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ჰყავს ოჯახი, უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაკარგა მხედველობა და, როგორც თავის, ჩანაწერებში ამბობს, იშვიათად, მაგრამ როცა საუბრობდა თავის თავზე, როგორც დარიანული ლექსების ავტორზე, ძალიან არადამაჯერებელი იყო, რადგან თემამ აქტუალურობა დაკარგა. ლექსები უკვე იმდენად მიეწერა პაოლო იაშვილს, რომ სხვა ავტორის დაშვება, თავისთავად იყო შეუძლებელი.
90-იანი წლების ბოლოს იმ აზრის გაჟღერება, რომ დარიანული ციკლის ლექსების ავტორი შესაძლებელია ყოფილიყო არა პაოლო იაშვილი, არამედ სხვა დამოუკიდებელი ავტორი და ისიც ქალი, ისეთივე სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც საუკუნის დასაწყისში ამ ლექსების პირველი გამოჩენა.
XX საუკუნის
ბოლოს პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მან მიაგნო ელენე ბაქარაძის (ქართველიშვილი – ბერიშვილი) პირად არქივს, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ ელენე ბაქრაძეა დარიანული ციკლის ლექსების ავტორი, რამაც ქართველი მწერლების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბევრისთვის ისევ შეურაცხმყოფელი იყო ეროტიკული ბუნების ქართველი პოეტი ქალის არსებობა. მეცნიერების ორ დაპირისპირებულ მხარედ
გაყოფამ
გამოიწვია ის, რომ ვერ მოხერხდა კვლევის ჩატარება. თემა დისკუსიების დონეზე გაიყინა.
![]() |
ელენე დარიანი და გალაკტიონ ტანიძე |
![]() |
ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი,ვალერიან გაფრინდაშვილი |
დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა 1915 წელს ქუთაისში წაიკითხა. ლექსების ეროტიულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ, მსმენელთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისტიური თუ რეალურად არსებული ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. “ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე.” წერდა იმდროინდელი პრესა. პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახის ლექსები ქართველი ქალისთვის მიუღებელი იყო და მის “ბუნებასთან” წინააღმდეგობაში მოდიოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ არგუმენტს ხშირად თანამედროვეებიც იყენებენ, ისინი, ვინც ელენე დარიანის რეალურად არსებობას უარყოფს, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებაში ღრმად ფესვგამჯდარი პატრიარქალური ღირებულებებით აიხსნება.
ელენე დარიანის პიროვნება
დღემდე საიდუმლოებით მოცულია მისი სახე ქართული ლიტრატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედვად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.

![]() |
პაოლო იაშვილის ხელნაწერი ლექსი მიძღვნილი ელენე დარიანისადმი |
ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ მოსაზრება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლიტერატურთმცოდნემ გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ წამოაყენა. მან წიგნიც გამოსცა სახელწოდებით “ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე.” ჯავახიშვილმა არგუმენტად საარქივო მასალის უტყუარობა მოიშველია და მსგავსება პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ლექსებს შორის მათი ინდენტურობის დასამტკიცებლად არასაკმარის მიზეზად მიიჩნია. მისი აზრით, ორივე პოეტი სიმბოლისტი იყო, ერთ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა, ერთი სტილით წერდა, რაც ხსნის მათი შემოქმდების მსგავსებას.
1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალიც გამოქვეყნდა. იმავე წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი “პირამიდებში.” ორდენი 12 მამაკაცს აერთიანებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშიღად მოიხსენებდნენ ხოლმე, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო. არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ცისფერყანწელებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან.
სტალინურმა რეპრესიებმა ცისფერყანწელთა უმრავლეოსობა იმსხვერპლა, მათ შორის შალვა ქართველიშვილი, ელენე ბაქრაძის მეუღლე. პაოლო იაშვილმა 1937 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხანგრძლივი დუმილისა და ცისფერყანწელთა რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე
1959 წელს გამოიცა პაოლო იაშვილის პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლის ლექსებიც შევიდა იაშვილის ხელმოწერით. ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას, უშედეგოდ სცადა საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა. ლოგიკურ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ისურვა ბაქრაძემ დარიანული ციკლის ავტორობა დაემტკიცებინა, ალბათ, იმდროინდელი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ვეძებოთ. საბჭოთა პერიოდი სრულიად არახესალყრელი იყო ელენე ბაქრაძის, როგორც ეროტიული ლექსების ავტორის რეაბილიტაციის დასაწყებად. მას ტოტალიტარულ სახელმწიფოში უხდებოდა ცხოვრება, სადაც სექსუალობაზე კონტროლი და სექსუალობის რეპრესირება იდეოლოგიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.
ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. ელენე 1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჟღერებული აზრი, რომ დარიანული ციკლის ავტორი შესაძლოა რეალური ქალი ყოფილიყო, არანაკლებად მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის, ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ლექსების გამოჩენა. ალბათ, უკვე დროა მითები დაიმსხვრეს და ქართულმა საზოგადოებამ რეალური ქალი აღიაროს და მიიღოს წარმოსახვითი ქალის ნაცვლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий